top of page

"მეტტა-სტაჟირების" ანაზღაურებადი პროგრამა დაიწყო.

სამშენებლო კომპანია „მეტტა“-ში გამორჩეული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა შეიქმნა. სწავლება 18 აგვისტოდან დაიწყო და 12 თვეს გაგრძელდება.



პროგრამაში მონაწილეობით დაინტერესდნენ საქართველოში მოქმედი 4 უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიისა და სამშენებლო ფაკულტეტების საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები /კურსდამთავრებულები.


100-მდე მიღებული განაცხადიდან შესარჩევი გასაუბრებისა და ტესტირების შედეგად შეირჩა 8 საუკეთესო კანდიდატი. 18 აგვისტოს კი მათ პირველი ტრენინგი ჩაუტარდათ, გაიცნეს მომავალი მენტორები, გაეცნენ შრომის უსაფრთხოების წესებს და სტანდარტებს, გადაეცათ პირველი სამშენებლო აღჭურვილობა და დღე სამშენებლო ობიექტის ვიზიტით დაასრულეს.


მეტტას სტაჟირების პროგრამის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ სტაჟირების განმავლობაში მაქსიმალურად ვითვალისწინებთ სტუდენტების საუნივერსიტეტო აქტივობების საჭიროებებს და ხელს ვუწყობთ აკადემიურ პროცესების შეუფერხებლად მიმდინარეობას. ამასთან, ისინი ეუფლებიან ისეთ უნარებს, რაც მხოლოდ სამშენებლო ობიექტზე ისწავლება. ანაზღაურება მზარდია ყოველი შემდეგი ეტაპისთვის, რაც ძალიან მიმზიდველი და მამოტივირებელი ფაქტორია ახალგაზრდებისთვის.


სტაჟირების პროგრამა მოიცავს ოთხ ეტაპს:

• I ეტაპი - ორიენტაცია - პირველი ეტაპის განმავლობაში შერჩეული სტაჟორი მიმაგრებული იქნება "მეტტა"-ს სამშენებლო პროექტზე, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში, პრაქტიკაში გაეცნობა სამშენებლო პროექტის მენეჯერის, პროექტის ინჟინრის, სამუშაოთა მწარმოებლის, ხარჯთაღმრიცხველის და ხარისხის კონტროლის ინსპექტორის საქმიანობას.

• II ეტაპი - მენტორობა - წარმატებული სტაჟორები შეძლებენ ერთი შერჩეული მიმართულებით მენტორის არჩევას და მისი უშუალო ზედამხედველობით, არჩეული მიმართულების სიღრმისეულად შესწავლას პრაქტიკაში.

• III ეტაპი - განმტკიცება - ამ ეტაპზე წარმატებული სტაჟორი აგრძელებს მუშაობას იმ პოზიციაზე, რომელ მიმართულებასაც ეუფლებოდა მენტორის დახმარებით, თუმცა რჩება მენტორის ზედამხედველობის ქვეშ.

• IV ეტაპი - შეფასება და შეთანხმება- სამივე ეტაპის დასრულების შემდეგ სტაჟირების მონაწილე იღებს სრულ შეფასებას, უკუკავშირსა და პრაქტიკული სწავლების 1-წლიანი პროგრამის გავლის დამადასტურებელ სარეკომენდაციო წერილს.


გამორჩეული წარმატების მქონე მონაწილეები მიიღებენ სამუშაოს შეთავაზებას სამშენებლო კომპანია "მეტტა"-ში და, ასევე, მაგისტრატურაზე სწავლის ან პროექტების მართვის მიმართულებით სწავლის დაფინანსების შესაძლებლობას.


აღნიშნული სტაჟირების პროგრამის შექმნით კომპანია მეტტას მიზანია ხელი შეუწყოს სამშენებლო /საინჟინრო პროფესიების პოპულარიზაციას ახალგაზრდა თაობაში, პროფესიონალების გაზრდა და მათთვის პროფესიის დაუფლებაში თანადგომა.






39 views

Komentar


bottom of page